თეა წულუკიანი გაეროს ეგიდით დოჰაში შეხვედრას მართავს
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაეროს ეგიდით დოჰაში გამართული საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, შვედეთისა და კატარის იუსტიციის მინისტრებს და პორტუგალიის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ევროპელ კოლეგებთან მინისტრმა რიგის მოსალოდნელი სამიტის, ვიზა-ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. თეა წულუკიანმა შვედეთის იუსტიციის მინისტრ მორგან იოჰანსონს და პორტუგალიის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს (რომელიც, ამავე დროს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეცაა), ანტონიო კოსტა მოურას, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მინისტრს რიგის სამიტზე ქართული რეფორმების აღიარების შესახებ მხარდაჭერა აღუთქვეს. თეა წულუკიანმა, ასევე, შეხვედრა გამართა თავის კატარელ კოლეგა ჰასან ბინ ლაჰდარ ალ ჰასან ალ-მოჰანადირინთან. ეს შეხვედრა მინისტრებისთვის ბოლო წლის განმავლობაში უკვე მეორეა. კატარი ქართული რეფორმებით და სახელმწიფოს სერვისების გაცემის მოდელითაა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ კატარის იუსტიციის სამინისტროს ერთი დელეგაცია მინისტრების პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე იმყოფებოდა საქართველოში, მეორე დელეგაციის ვიზიტი უახლოეს მომავალში გაიმართება, რასაც კატარის იუსტიციის მინისტრის ვიზიტიც მოჰყვება. თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა, სადაც კონფერენციის წინაშე გუშინ სიტყვით წარდგა. ღონისძიება დოჰაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, კონგრესში მსოფლიოს 70 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრები და პროკურორები მონაწილეობდნენ.