“მინიმუმამდეა დაყვანილი ის რისკები, რის გამოც პანკისის ხეობიდან ადამიანები სირიაში საბრძოლველად მიდიან”

მინიმუმამდეა დაყვანილი ის რისკები, რის გამოც პანკისის ხეობიდან ადამიანები სირიაში საბრძოლველად მიდიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოდან გასული ადამიანების პროცენტული რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე პატარაა.
“ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი ის რისკები, რის გამოც ეს ადამიანები იქ ხვდებიან. ძალიან დიდი იყო რიცხვი წასულების, რადგან თავიდან ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის კონტროლი. როცა ახალი რისკები წარმოიქმნება, თავიდანვე ვერ მოერევი. ძალიან ბევრი დაბრუნდა. მათ შორის ბევრი წავიდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქ არ იყო და დაბრუნდა. უშიშროების სამსახურები ძალიან სერიოზულად მუშაობენ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება წასვლის მიზეზებს, სესიაშვილის თქმით, 80-90 პროცენტი წასვლის მიზეზი არის არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არამედ იდეოლოგია და რელიგიური მიმდინარეობები, რომლებიც მათ ცხოვრების წესად უწესებენ ასეთ ქმედებებს.
მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურებისთვის კარგად არის ცნობილი თუ ვინ ახდენდა ე.წ. ვერბოვკას ადგილობრივ ახალგაზრდებზე. სესიაშვილის განმარტებით, სამუშაოების შედეგად პირდაპირ აღარ ხდება ე.წ. ვერბოვკა. “ახლა მიდის ფარულად საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ადვილად ჩასათრევია, რადგან სხვა მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად გვაქვს სამუშაოები ჩატარებელი. ახლა აქცენტი მიდის უკვე ბავშვებზე, სკოლის მოსწავლეებზე”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები