დავით უსუფაშვილი: გალში სწავლა-განათლების საკითხი ყოველთვის ბევრ პრობლემას უკავშირდება
გალში სწავლა-განათლების საკითხი ყოველთვის ბევრ პრობლემას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გალში შესაძლოა, ქართული ენის აკრძალვა მოხდეს. მისივე თქმით, გალის რაიონში და სხვაგანაც, სადაც ქართველები სპეციფიკურ პირობებში ცხოვრობენ, ზოგადად, დგას ის პრობლემა, რომ სწავლა-განათლების საკითხი ბევრ პრობლემას უკავშირდება, მაგრამ მას არ ჰგონია, რომ რაიმე სერიოზული ახალი დაბრკოლება შეიქმნას.
“ქართულ ენასთან დაკავშირებით პრობლემები გალში ახალი არ არის. ყველას შევახსენებ იმასაც, რომ გალი დღევანდელი მდგომარეობით დე ფაქტო მოწყვეტილია საქართველოს და იმართება სრულიად სხვა სახელისუფლო სისტემის მიერ, რომელსაც სხვა პრიორიტეტები აქვს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით რჩება უცვლელი. სათანადო სამინისტროები და უწყებები მუშაობენ, რომ ჩვენს თანამემამულეებს გალშიც და სხვაგანაც ჰქონდეთ მაქსიმალურად ცოტა პრობლემები. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ მიღწეული იქნება ყველა საკითხში გონივრული შეთანხმებები, რათა ყველას უფლებები დაცული იყოს. თუმცა არსებული ვითარება ყველასთვის გასაგებია ყველა პრობლემის მოგვარება და ასე მარტივი არ არის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.