ელგუჯა ხოკრიშვილი კორეაში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კორეაში, გიონგჯუში წყლის მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციას დაესწრო. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო წყალი-საკვები-ენერგია ნექსუსის თემაზე გამართული მრგვალი მაგიდის სხდომაში. მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე და ეროვნულ დონეზე წყლის რესურსების პოლიტიკის შემუშავების ეტაპზე ინტერსექტორალური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მინისტრებმა ასევე იმსჯელეს უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობის, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის, წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მართვის, წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და წყლის საკითხებში განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე. მეშვიდე მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე ორმოცდაათამდე ქვეყნის წყლისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია სადაც, კიდევ ერთხელ წარმოდგენილია წყალთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის საკითხი და აღნიშნულია პოსტ 2015 განვითარების დღის წესრიგში წყალთან დაკავშირებული მიზნისა და შესაბამისი ამოცანების შეტანის მნიშვნელობის შესახებ.