დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, რუსეთის მიმართ სანქციებს გავზრდით

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, შვედეთის და საქართველოს საგარეო მინისტრებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნული განცხადებით ლიდეგორდი ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა. “ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დაკანონდეს ოკუპაციები. ძალიან მკაცრი ხელით განვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ვერ დავინახავთ პოზიტიურ შედეგებს, სანქციებს გავზრდით. თუ გამოსწორდება სიტუაცია, შევასუსტებთ. ვეცდებით დავანახოთ რუსეთს, რაოდენ მოიგებს ქვეყანა, თუკი ის შევა გაცილებით კონსტრუქციულ თანამშრომლობაში ევროკავშირთან”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის რაიმე სამხედრო გაერთიანება. “ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან ძლიერი პარტნიორი რუსეთთან, მაგრამ არა იმ ფონზე, როდესაც მან უკანონო ოკუპაციები განახორციელა მთელი რიგი ქვეყნების მიმართ“,-აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე შეფასებით, დრო არ მუშაობს რუსეთის ეკონომიკის სასარგებლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები