თამარ ბერუჩაშვილი: ქართველი ხალხის არჩევანი ნატოში ინტეგრაციაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ნატოში ინტეგრაციაა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხში მოკავშირეების ჩართვა.
“აღვნიშნეთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ორიენტირია. ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობაზე. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია და აქტუალურია მოკავშირეების ჩართულობა ამ პროცესში”, – განაცხადა მან.
ამასთან, დღეს გამართულ კონფერენციაზე ბერუჩაშვილმა საქართველოს ტერიტორიების ანექსიაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. “ვისაუბრეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მიმდინარე მცოცავ ანექსიაზე, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ სოხუმთან, შემდეგ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ჩვენი პარტნიორები, როგორც საერთაშორისო საზოგადოება გმობენ ამ ფაქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და რომ რუსეთის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები