თამარ ბერუჩაშვილმა დანიის, პოლონეთისა და შვედეთის მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგრესის წარმოჩენის კუთხით.
“ჩვენი განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტისთვის მზადება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი დროებითი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან სრულიად ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში კი ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში, რამაც მომავალში ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე საფუძველი უნდა შექმნას. ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება ჩვენს საერთო ინტერესებშია. ჩვენ მადლიერი ვართ დანიის, პოლონეთის და შვედეთის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და ასევე იმ დაგეგმილი ახალი პროექტებისა და პროგრამებისთვის. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსით სარგებლობს ამ ქვეყნებთან რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყანას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მალე შეუერთდებიან მათ რიგებს”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები