„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი“
ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, ამავე დროს, ხაზს ვუსვამთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენმა შეხვედრამ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მივულოცოთ საქართველოს DCFTA-ს შეთანხმება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება; ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს ხაზს ვუსვამთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს მიზნებისადმი, რისი განხილვაც დიდწილად რიგის სამიტზე მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მარტის ბოლოს, როდესაც გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, მოსახლეობის 90%-მდე ხმა მისცა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრობას. ჩვენც ასეთი მდგომარეობა გვქონდა ორიოდე ათეული წლის წინ პოლონეთში. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ მხარდაჭერას. მივესალმები, რომ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდეს”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.