საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
13- 14 აპრილს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან. სამმხრივ ფორმატში ეს სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი ერთობლივი ვიზიტია საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვედრას გამართავენ ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან, რის შემდეგაც გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია.
“დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ. აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველო სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს განიხილავს, როგორც პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას“,-აცხადებენ საგარეო უწყებაში.