გივი სვანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

7 აპრილს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის გივი სვანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები, სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი: კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, ოთარ ჩუბინიშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი, „ნიჭიერთა ათწლედის“ გუნდი ნანა მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით, რეზი ხაინდრავა, მარიტა პატარაია, დავით ხრიკული, სალომე ლომიძე, ბექა მაისურაძე, სერგი მარკოსიანი, ანა ბაქრაძე, სანდრო სიდამონიძე, სალომე მოდებაძე, გიგა აბესაძე, შოთა ქუტიძე. საღამოს უძღვება პროფესორი რუსუდან წურწუმია. დასწრება თავისუფალია.
წელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს გივი სვანიძის დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. გივი სვანიძე 1949-66 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორი, მისი ამ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელად მუშაობის დრო, იყო „ნიჭიერთა ათწლედისათვის“, მართლაც, ოქროს პერიოდის დასაწყისი. ბ-ნი გივისათვის, სასკოლო დაწესებულების ხელმძღვანელობა – მისი მოწოდება გახლდათ. გივი სვანიძე მრავალმხრივ მოღვაწე ხელოვანი გახლდათ: სოლო შემსრულებელი, პედაგოგი, პიანისტ-ანსამბლისტი, ორგანოზატორი, მმართველი და სხვა. მან მიიღო აკადემიური საფორტეპიანო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აღიარებულ პროფესორ ანნა თულაშვილის კლასში. ამავე დროს, იგი სისტემატურად იღებდა კონსულტაციებს XX საუკუნის რუსული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთ მამამთავართან, მოსკოვის კონსერვატორიის სახელგანთქმულ პროფესორთან – კონსტანტინე იგუმნოვთან. სტუდენტობის წლებშივე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის 8 და 9 სამუსიკო სკოლაში. რომელშიც მალევე აწიანურებენ სასწავლო ნაწილის გამგედ. შედგომში იგი ხდება 4 სამუსიკო სკოლის და ტექნიკუმის დირექტორი.
1945 წლიდან გივი სვანიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრაზე. 1947-49 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კადრებისა და სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების უფროსად. დაბოლოს, 1946 წელს გივი სვანიძე ძმებ შოთა (ვიოლინო) და კოტე (ვიოლენჩელო) შანიძეებთან ერთად აყალიბებს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ საფორტეპიანო ტრიოს. ეს ანსამბლი სოლიდური პროგრამის ათვისების შედეგად იწყებს ორწლიან აქტიურ საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობას საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. პროგრამაში აქვთ დასავლეთ ევროპელ, რუს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. გამოხმაურება პრესაში უაღრესად დადებითი და მრავლისმეტყველი იყო, რადგან მკაფიოდ ჩანდა სამივე ახალგაზრდა მუსიკოსის მონდომება და საქმისადმი დიდი სიყვარული. 1949 წელს, გივი სვანიძე დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის დირექტორად, მან თავის ირგვლივ უფრო მჭიდროდ შემოიკრიბა სკოლაში მომუშავე პედაგოგთა შემადგენლობა, რომლებმაც, შემდგომში მრავალი წლის განმავლობაში გამოზარდეს საქართველოს ის საამაყო მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებითაც იამაყებდა მსოფლიოს ნებისმიერი ერი. ამ სასწავლებლის დიდებული პედაგოგების თავდადებულმა შრომამ გამოიღო ის ნაყოფი, რომ 1949 წელს ყოფილი „ათწლედელი“ მარინე იაშვილი გახდა მოსკოვის კონსერვატორიის ქართველ სტუდენტთა შორის პირველი, რომელსაც ქ. პრაღაში მიენიჭა ი. კუბელიკის სახ. მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება, ხოლო 1956 წელს მარგარიტა ჩხეიძეს („ათწლედის“ პედაგოგი პროფ. ა. თულაშვილი) ქართველ სტუდენტ-პიანისტთაგან პირველს ერგო ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ვ.ა. მოცარტის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის საპატიო წოდება.

ამრიგად, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ამ მუსიკალურ საშემსრულებლო აფეთქებას მოჰყვა ის შეუჩერებელი საერთაშორისო რეზონანსის შთამბეჭდავი გამარჯვებები, რომლებიც მოიპოვეს დღეს უკვე საყოველთაოდ აღირებულმა, „ნიჭიერთა ათწლედში“ აღზრდილმა მუსიკოსებმა ეს პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა და დღესაც გრძელდება. ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწის, დოცენტ გივი სვანიძის მრავალწლიანმა და მრავალმხრივმა დაუღალავმა შრომამ, მას საგრძნობლად შეურყია ჯანმრთელობა, რომელსაც 1966 წლის 15 ნოემბერს, 50 წლის ასაკში, გულის უკმარისობის გამო მისი გარდაცვალება მოჰყვა… შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ზვარაკად შეეწირა ქართულ სამუსიკო პედაგოგიურ საშვილიშვილო საქმეს. მას არაერთი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. ნუგეშად შეიძლება ჩაითვალოს ის სასიამოვნო ფაქტი, რომ მამის კვალს ღირსეულად აგრძელებს მისი ქალიშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ვეკა სვანიძე. მან თბილისის კონსერვატორია დაამთავრა (პროფ. ანნა თულაშვილის ერთ-ერთი ღირსეული აღზრდილის) პროფ. გიზი ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ქალბატონი ვეკა წლების განმავლობაში ნაყოფიერად მუშაობს „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებთან და სისტემატიურად მართავს საკლასო კონცერტებს, რომელზეც შესანიშნავად მომზადებული მოსწავლეები გამოირჩევიან ნაწარმოების აკადემიური შესრულების მაღალი დონით. მისი არაერთი მოსწავლე გამხდარა (მოსწავლეების) ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების I ადგილისა და გრან-პრის მფლობელი, რომელთა შორის არაერთმა შემდგომში წარმატებით გააგრძელა სწავლა და მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ კონსერვატორიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები