“გივი თარგამაძე ძალოვნებიდან მიღებულ ინფორმაციას კრიმინალურ ავტორიტეტებს აწვდიდა”
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე, შს სამინისტროსა და პროკურატურაში ჩანერგილი აგენტურისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციებს კრიმინალური ავტორიტეტების მქონე პირებს აძლევდა, რითაც მათ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება მისცა. ამასთან, თარგამაძე დაცულ ინფორმაციებს აწვდიდა დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატებსაც – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დღევანდელ ნომერში წერს.
წყაროს ცნობით, გამოძიებამ გივი თარგამაძეს რამდენიმე სახის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დაუდო, რომელთაც ის სისტემატიურად აწვდიდა კონკრეტულ პირებს. თარგამაძე შსს-დან მოპარულ ინფორმაციას სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ,,კანონიერ ქურდებს“ აწვდიდა. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხდებოდა. წყარო აცხადებს, რომ თარგამაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილმა დაახლოებით ათზე მეტმა კრიმინალმა საქართველოდან გაქცევა მოასწრო, რადგან ისინი თარგამაძემ გააფრთხილა, რომ დაჭერას უპირებდნენ“,- წერს გამოცემა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, თარგამაძე საიდუმლო ინფორმაციებს დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის დაცვის მხარეებსაც აწვდიდა.
,,თარგამაძე, სავარაუდოდ, თავისი აგენტურისგან მიღებულ ღირებულ ინფორმაციებს აწვდიდა დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის დაცვის მხარეებს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სასამართლოს სხდომამდე ხუთი დღით ადრე უნდა გადასცეს მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, წყაროს ცნობით, ახალაიასა და კეზერაშვილის ადვოკატებმა არათუ სასამართლომდე ხუთი დღით ადრე, არამედ ერთი თვით ადრე მაინც იცოდნენ ბრალდების ყველა მტკიცებულების შესახებ. შესაბამისასდ, დაცვას მეტი დრო და საშუალება ჰქონდა, პროკურატურის სავარაუდო ქედებები განეჭვრიტა, თავად კი ბრალდებულის დაცვა უფრო ეფექტიანად განეხორციელებინა. როცა ეს ყველაფერი წინ დაუდიათ, აი, ეს გამხდარა გივი თარგამაძის სამჯერ გულყრის მიზეზი, რომელიც ძლივს მოასულიერეს. ეს თუ დაუმტკიცდა თარგამაძეს, მაშინ თავად ხომ ,,ვირის აბანოს“ არ ასცდება, დათა ახალაიასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატებიც დიდ შარში გაეხვევიან და შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგება ბერძნული და ფრანგული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელთაც მათ საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადეს“,- წერს “კვირის ქრონიკა”.