პროკურატურა ბესო ხარძიანის მკვლელის დნმ-ს იკვლევს?!

პროკურატურა ბესო ხარძიანის მკვლელის დნმ-ს იკვლევს?! – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის თემაზე სტატიას აქვეყნებს.
“კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლები კილერის დასაკავებლად არა მხოლოდ მკვლელობის ადგილის პერიმეტრზე, არამედ თბილისის სხვადასხვა უბანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს სწავლობენ – მოწმდება ყველა ის მარშრუტი, რომლითაც მკვლელი ტრაგედიის დღეს „მოპედით“ გადაადგილდებოდა.
“არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურამ მოიპოვა კილერის დნმ და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებობს მკვლელის ფოტორობოტიც. არსებული ცნობით, მას შემდეგ, რაც „მოპედი“ მიატოვა, კილერი თავზე კაპიუშონწამოცმული გადაადგილდებოდა. თუმცა, რამდენიმე კამერამ შეძლო მისი სახის ნაკვთების დაფიქსირება“,-წერს “კვირის პალიტრა“.
გამოცემასთან საუბრისას ბესო ხარძიანის შვილი, მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვისაც მიუწვდომელია: “სულ რამდენიმე დღეა, რაც მამა დავკრძალე და ნორმალურად აზროვნებას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებ. ამაც ისიც დაემატა, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა, მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებრივია, მაინტერესებს, რა ეტაპზეა გამოძიება და დაადგა თუ არა პროკურატურა მკვლელის კვალს, მაგრამ გვეუბნებიან, გამოძიების დასრულებას დაელოდეთო. გამოძიების დეტალებზე ინფორმაციას არ გვაწვდიან. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მამაჩემის მკვლელს იპოვიან, მერე კი, კარგად ვიცი, როგორც მოვიქცევი… დნმ-ის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი… როგორც კი ძალას მოვიკრებ, ყველა დეტალის დადგენას პირადად შევეცდები”, -აღნიშნავს მიხეილ ხარძიანი. სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალისა და დნმ-ს საშუალებით ბესო ხარძიანის მკვლელის დადგენის ალბათობას ბიზნესმენის მეგობარი ირაკლი ბათიაშვილი რეალურად მიიჩნევს, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ პროკურატურის მთავარ ამოცანას არა მხოლოდ შემსრულებლის, შემკვეთის დადგენაც წარმოადგენს. “სავსებით რეალურია, რომ გამოძიება დნმ-ის კვალზე გავიდა, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური განმარტება პროკურატურისგან უნდა მოვისმინოთ. საერთოდ, ახლა უწყების მთავარ ამოცანას არა მხოლოდ შემსრულებლის, არამედ დამკვეთის დადგენა წარმოადგენს, ამისთვის კი აბსოლუტურად ყველა დეტალის ზედმიწევნით შესწავლაა აუცილებელი. შესაძლოა, მკვლელის დნმ-ი ჩაფხუტზე დატოვებული თმის ნაწილის საშუალებით დაადგინონ, მით უმეტეს, თუ ის შიშველ თავზე ეხურა… ამ ეტაპზე დაზუსტებით ვიცი, რომ პროკურატურამ ყველა მოწმე დაჰკითხა, მათ შორის, ბესოს მეუღლე და მეზობლები, რომლებმაც ჩაფხუტიანი მკვლელი დაინახეს. ჩემი აზრით, ამ საქმის გახსნა უახლოეს მომავალში შესაძლებელია. აუცილებელია ყველა სათ¬ვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერების შესწავლა, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას მკვლელის მარშრუტის დადგენაც კი შეუძლია. მეტიც, იმის დაფიქსირებაც შესაძლებელია, მკვლელი რომელი ადგილიდან დაიძრა და სად მიიმალა. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე ჩაფხუტი მოიხსნა კიდეც. ფოტორობოტის საშუალებითაც საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. როგორც ვიცი, გამოძიება პარალელურად, ოპერატიულ სამუშაოებსაც ატარებს. სხვადასხვა წყაროსგან ინფორმაციის მიღება გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხია. პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესშია ბესო ხარძიანის მკვლელობის გამოძიება, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოებაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის განცდას ქმნის. ვის აწყობს ეს, კონკრეტულ ძალაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, ვაზაგაშვილისა და შემდეგ ბესოს მკვლელობა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, ამიტომ გამოძიებამ ყველა კითხვას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცეს პასუხი. განგაშია ასატეხი, რადგან შეიძლება მომავალში პოლიტიკოსის ან კიდევ ერთი ბიზნესმენის მკვლელობის მომსწრენი გავხდეთ. ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობა შემთხვევით არ მომხდარა, ეს ყველაფერი გარკვეული ძალის გეგმის ნაწილია”,-აცხადებს ბათიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი 28 მარტს, საკუთარი სახლის წინ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები