„გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩემი უსაფრთხოება“ – რას წერდა გარდაცვალებამდე თეთრაძისა და ხარძიანის საქმის ერთ-ერთი მოწმე მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით
სამართალდამცავები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის, ერთ-ერთია გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვილი პატიმრის, ოლეგ რამიშვილის კავშირი ბესიკ ხარძიანის საქმესთან – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმ ტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს. ოლეგ რამიშვილი ხარძიანის მიმართ ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო, რომელიც პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ, მალევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ რამიშვილი ასევე მთავარი მოწმე იყო სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეშიც. როგორც გამოცემა წერს, თაღლითობაში მსჯავრდებული ოლეგ რამიშვილი გარიგებული იყო ციხის იმდროინდელ ადმინისტრაციასთან, კერძოდ, #8 საპყრობილის დირექტორთან ალექსანდრე მუხაძესთან. ეს უკანასკნელი საზოგადოებისთვის „ქილერას“ მეტსახელითაა ცნობილი. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბესიკ ხარძიანი სწორედ რამიშვილის საკანში მოათავსეს. ოლეგ რამიშვილმა „ქილერას“ დავალებით ხარძიანი აზარტულ თამაშებზე დაიყოლია. ჩაწყებული თამაშების წაგების შემდეგ კი ხარძიანს ქონების დათმობას აიძულებდნენ და გია უდესიანის სახელით სასტიკად უსწორდებოდნენ.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლებულმა ოლეგ რამიშვილმა პროკურატურას სერგო თეთრაძის საქმეზეც მისცა ჩვენება. ჩვენების დროს მან აღიარა, რომ ციხის იმდროინდელ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა და „ქილერას“ დავალებით, მასთან საკანში შესული თეთრაძისგან სხვადასხვა ინფორმაცია უნდა მიეღო. ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფმა რამიშვილმა საიასაც მიმართა და უსაფრთხოების გარანტიებსაც ითხოვდა.
„ეს იყო ჩემი ბოლო თანამშრომლობა, უფრო სწორად, ბოლო შეგნებულად ჩადენილი ცოდვა ღვთის წინაშე. ამის შემდეგ ყოველგვარი თანამშრომლობა შევწყვიტე და დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ალბათ, იმ ქვეყნად შემინდობს უფალი, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, არ მქონდა უფლება, საქვეყნოდ ცნობილი არ გამეხადა აღნიშნული ფაქტი… გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ სამართლებრივი რეაგირება. აგრეთვე, მოგმართავთ თხოვნით, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ ჩემი უსაფრთხოება“, – წერდა ოლეგ რამიშვილი, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.
რამიშვილი სააპელაციო სასამართლოში ხარძიანის ქონების დათმობასთან დაკავშირებით უნდა დაეკითხათ, რადგან ის იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმისა, თუ რა გზით და როგორ დაატმობინეს წილი ციხეში მყოფ ბესო ხარძიანს.
„პრაიმ ტაიმის“ ამავე ნომერში ხარძიანის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ხარძიანის მკვლელობა და რამიშვილის გარდაცვალება უკავშირდება თუ არა ერთმანეთს, ამას გამოძიება დაადგენს.
„მე რამიშვილს ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ ბატონ ბესოს მოხსენიებული ჰყავდა ის სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პიროვნება ხარძიანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. ამ დაკითხვიდან რამდენიმე თვეში ის გარდაიცვალა. ახლა გამოძიება დაადგენს ამ მკვლელობასა და გარდაცვალების ფაქტს შორის კავშირს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.