ლევან ყიფიანი: მზად ვარ, ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გავცე
მე მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი – ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მასსა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტს შორის არსებულ დაპირისპირებას.
როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ იცის, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული პრობლემები, რადგან სპორტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყველას თავისი შეხედულება აქვს აღნიშნულზე.
“მე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია პრობლემა, რადგან სპორტი ეს არის სპეციფიკური დარგი და არსებობს იმდენი შეხედულება, რამდენი ადამიანიც ქვეყანაზე. მე მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი და მერე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები”, – განაცხადა ყიფიანმა.
მისივე თქმით, იგი ანგარიშვალდებულია სწორედ იმ სპორტული ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც დღეს სასტუმრო “რედისონში” იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ სპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირების შესახებ განცხადება ფედერაციებმა გაავრცელეს. “სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქართულ სპორტულ სამყაროში ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გამო”, – ნათქვამია ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
დღეს კი, სპორტული ფედერაციების ინიციატივით, სასტუმრო “რედისონში” გაიმართება შეხვედრა ფედერაციების ხელმძღვანელების და კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. განცხადებას ხელს აწერენ ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.