„თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს“
ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინეს თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, თავდაცვის მინისტრი ეხმაურება.
როგორც მინდია ჯანელიძემ “მაესტროს ცხრიანში“ სტუმრობისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი კეთდება იმისთვის რათა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღითიდღე გაძლიერდეს და ჯარის ბრძოლისუნარიანობა გახდეს უკეთესი. მისივე თქმით, საზოგადოებას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
„არავინ არაფრის გადმოცემას საქართველოსთვის არ აპირებს, ჩვენ უნდა შევიძინოთ და ამაზეა სწორედ საუბარი, როცა ვლაპარაკობთ შესაძლებლობების გაფართოებაზე. შესაბამისად, იმის შეძენაა შესაძლებელი, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მიმდინარეობს პროცესი და თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დღითიდღე გაძლიერდეს, ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო ერთი დღის წინ. ამ მიმართულებით რასაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოება ჰქვია, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ღია განხილვის საგანი, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ შეზღუდულ ფარგლებში, ვინაიდან საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ყავს ბევრი მოწინააღმდეგე და ამ საკითხებზე ღიად და საჯაროდ ლაპარაკი არ შეიძლება. რაც შეეხება საჰაერო სივრცის დაცვას, ბუნებრივია ეს არის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ეს განხორციელდება ეტაპობრივად, წინასწარი გაწერილი გეგმის მიხედვით და არავის არ აქვს მითუმეტეს ჩვენს მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.