„მთავრობას არ ჰქონდა საბოლოო წარმოდგენა, თუ რის შესახებ უნდა ეწარმოებინა ალასანიას კონსულტაციები საფრანგეთში“

საქრთველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რა მიზეზით დაურეკა მან თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიას საფრანგეთში მემორანდუმის ხელმოწერის გადადების თაობაზე.
როგორც მინდია ჯანელიძემ “მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა, წინადადება, რომელიც მემორანდუმთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ წარადგინა, გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა, ამიტომ მას მიეცა მითითება, რომ მოეხდინა კორექტირება, რაც არ გააკეთა. თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორეც ამ მიზნით დაურეკა მან ირაკლი ალასანიას, რომ პროცედურები ყოფილიყო დაცული, მთავრობასთან შეთანხმებული, გავლილი და შემდეგ მომხდარიყო მემორანდუმის გაფორმება.
„მე არასდროს არ მითქვამს, რომ ზარი არ განხორციელებულა. მე არცერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია, ამ საკითხზე საუბარი დაიწყო ბატონმა ალასანიამ და ეს არაკორექტული მეჩვენება. მე დავადასტურე, რომ ეს ზარი შედგა, მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზარი შედგა იმის გამო, რომ მან არ დაიწყო პროცედურები და ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო ის, რომ მას გადაედო გარკვეული პერიოდით ამ მემორანდუმზე ხელმოწერა, იმისათვის რომ ჯერ ეს პროცედურები ყოფილიყო დაცული, შეთანხმებული და გავლილი საბოლოოდ, ხოლო შემდეგ ყოფილიყო ხელი მემორანდუმზე მოწერილი.
ახლა უნდათ ეს ზარი წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგება კარგის გაკეთებას, ეს არის სრული აბსურდი და უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ ყველა მოწადინებული ვიყავით მაშინაც, ახლაც ვრჩებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი, რაც უნდა დავიცვათ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა საჯარო მოსამსახურემ და მინისტრმა“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მემორნადუმის საკითხი თავისთავად ცნობილი და განხილული იყო მთავრობის მიერ, თუმცა საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული. ჯანელიძის განცხადებით, მთავრობას არ ჰქონდა საბოლოო წარმოდგენა თუ რის შესახებ უნდა ეწარმოებინა ალასანიას კონსულტაციები საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან.
“საკითხი იყო ცნობილი ჩვენთვის, იყო განხილული, მაგრამ საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული, იმიტომ რომ გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რაც ბატონმა ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საბოლოო წარმოდგენა, თუ რის შესახებ უნდა ეწარმოებინა მას კონსულტაციები საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან. პროცედურების დაცვაში ვგულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები