მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას პასუხობს – ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები წარმატებით გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მინისტრმა „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა, ხელშეკრულება, რომელზეც დღეს იყო საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. მისი განმარტებით,  ხელი მოეწერა ე.წ. განზრახულობათა წერილს – იგივე მემორანდუმს, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით სრულიად სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით.
ჯანელიძემ წუხილი გამოთქვა, რომ თემა, რომელიც ეხება ქვეყნის თავდაცვას სპეკულაციების საგანი გახდა.
“დღეს საფრანგეთის ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობთ და კომენტარიც გავაკეთეთ, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, არანაირი ვალდებულება… სახელმწიფოთა შეთანხმება არ არსებობს, ამის შესახებ ბატონმა ელჩმა ნათელი განმარტება გააკეთა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა, თემა ეხება ქვეყნის თავდაცვას, უსაფრთხოებას. ჩვენ ვამბობდით, რომ არ არის მიზანშეწონილი უპასუხისმგებლო საუბარი,თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, საზოგადოებისთვის განმარტება მიგვეცა, რომ არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს.
ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით სრულიად სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თუ ეს ორმხრივი ხელშეკრულებაა, ხოლო მემორანდუმი ეს არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. სწორედ ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ამასთან როგორც თავდაცვის მინისტრმა განმარტა, კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მისი თქმით, მემორანდუმი არ არის წინაპირობა რაიმე კონსულტაციებსი წარმოების. ჯანელიძე აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები გრძელდება.
“კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მემორანდუმი არ არის წინაპირობა რაიმე კონსულტაციების წარმოების. რაც შეეხება კონსულტაციებს, ეს პროცესი გრძელდება, რაც დაადასტურა საფრანგეთის ელჩმა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან წარმატებით და შესაბამისად, შედეგებიც იქნება წარმატებული. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები. ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, ვინც მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, აგრძელებს ამ საკითხიზე სპეკულაციას“, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელისმოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები