“ხარძიანის მკვლელობის მიღმა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი დგას, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნები გააჩნია“

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შესახებ ისაუბრა და მას პოლიტიკური მკვლელობა უწოდა.
ნარჩემაშვილის შეფასებით, აღნიშნული დანაშაულის მიღმა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი დგას. ყოფილი სამართალდამცავი ხარძიანის მკვლელობასა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობებს შორის გარკვეულ კავშირს ხედავს.
„ეს პოლიტიკური მკვლელობაა. ჩვენ გამოცხადებულ ტერორთან გვაქვს საქმე, რომლის უკანაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი და მათი მიზნები დგას. არც ამ და არც ვაზაგაშვილის შემთხვევას საერთო არაფერი აქვთ კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებესთან. მიზანმიმართულად ხდება ისრების სხვა მხარეს გადასროლა და წარმოჩენა, რომ თითქოსდა, ეს მკვლელობები კრიმინოგენული ვითარების გაუარესებამ გამოიწვია. ამგვარი ქმედებების სამიზნეები კონკრეტული პირები არიან, რომლებიც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან. ეს არის მცდელობა, ასეთმა ადამიანებმა სამართლის ძებნაზე ხელი აიღონ. მე ვხედავ კავშირს ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობებს შორის. ეს ერთი ჯაჭვის ორი სხვადასხვა რგოლია“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. რაც შეეხება დანაშაულის პრევენციის საკითხს, ნარჩემაშვილის თქმით, როცა მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით ხდება, მისი პრევენცია თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ საჭირო აუცილებელი ღონისძიებები რომ გატარებულიყო, შესაძლოა, ხარძიანის მკვლელობა არ მომხდარიყო.
კობა ნარჩემაშვილი მოწმეთა დაკითხვისა და ფოტორობოტის შედგენის საკითხსაც შეეხო. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ფოტორობოტის მეშვეობით დამნაშავის პოვნის იმედი არ აქვს. ყოფილი სამართალდამცავი პროკურატურას მოწმეთა დაკითხვის კუთხით რჩევასაც აძლევს, ნარჩემაშვილის თქმით, ხარძიანის მეგობრებზე მეტად საქმის გამოძიებისთვის იმ ადამიანების დაკითხვა უფრო შედეგის მომტანი იქნება, ვინც მისი დაკავებისას მის საქმეში ფიგურირებდნენ. იქნება ეს ადამიანი, ვინც უშუალოდ დააკავა, ბრალდება დაწერა, მოსამართლე, ვინც პატიმრობა გაუხანგრძლივა და ასე შემდეგ.
„ბესო ხარძიანის მეგობრების დაკითხვა ბევრს ვერაფერს შესძენს გამოძიებას. მოწმეთა ჩვენებების მიერ შედგენილი ფოტორობოტით ადამიანის დაკავებაც ძნელია, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არ არის კართოტეკაში. მე კი ვეჭვობ, რომ არ არის, რადგან ის არა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, არამედ დაახლოებით ისეთივე პერსონა მგონია, როგორიც სოსანაშვილია. პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაჰკითხოს ადამიანი, ვინც თავის დროზე დააკავა ხარძიანი. ვიღაცამ ხომ დაწერა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა. ვინ არის იგი? ვინ არის და – არის თუ არა დაკითხული მოსამართლე, ვინც მას პატიმრობა გაუხანგრძლივა, დაკითხულია თუ არა ნოტარიუსი, რომლის მეშვეობითაც შუაღამისას ხარძიანის ქონება სხვა პირებს გადაუფორმეს? დაკითხულია გამომძიებელი, რომელიც მაშინ ხარძიანის საქმეს აწარმოებდა? აი ესაა ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი მეგობრების დაკითხვა“,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები