შს მინისტრი: 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სწორი შეფასება გააკეთა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტს დადებითი შეფასებისთვის მადლობას უხდის. გომელაურის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით სწორი შეფასება გააკეთა.
“დიდი მადლობა პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მან სწორი შეფასება გააკეთა”, – დასძინა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მას შს მინისტრის პოლიტიკური ალღო მოსწონს.
“მე ახალი შს მინისტრის პოლიტიკური ალღოთი ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ ჩატარდებოდა 21 მარტის მიტინგი. იმიტომ, რომ ეს არის ჯერ კიდევ პოლარიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის სტანდარტების დანერგვა. როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” აქციას გეგმავდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა შს მინისტრმა, როდესაც ის შეხვდა ორგანიზატორებს, ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე და დეტალურად გაიარა მიტინგის თანამედროვე დასავლურ სტანდარტებზე ჩატარების გეგმა. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტს, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ნამდვილად ევროპული პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო იდგა თავის ადგილას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.