გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ვართ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში
მიუხედავად რეფორმებისა, სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, რომლის აღმოფხვრაზეც უწყება მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელმა მთავრობამ დაანგრია სისტემა, რომელიც აწყობილი იყო ადამიანების წამებასა და შეურაცხყოფაზე.
“ერთი რამ შემიძლია გითხრათ – ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ჩვენ ფაქტობრივად დავანგრიეთ ის სისტემა, რომელიც აწყობილი იყო ადამიანის შეურაცხყოფაზე, წამებაზე და ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუტი, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. მიუხედავად ამისა, სისტემაში კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ბევრი გამოწვევაა. სწორედ ამისთვის არის ჩემ მიერ ინიცირებული რეფორმის კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი იხილავს. აქედან გამომდინარე, მე არ უარვყოფ იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ვართ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ყველაფერს თავისი დრო აქვს”‘, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ მე-7 დაწესებულებას, მინისტრის თქმით, მისი დახურვა-არდახურვის საკითხზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც მაღალი რისკის მქონე პატიმრებზე გათვლილი ახალი დაწესებულება აშენდება.
“მე-7 დაწესებულება არის განკუთვნილი მაღალი რისკის პატიმრებისთვის. სწორედ ასეთი პატიმრებისთვის შენდება ლაითურში ციხე, რომელიც თანამედროვე, ევროსტანდარტებთან მიახლოებული იქნება. სწორედ ამის შემდგომ შეიძლება საუბარი მე-7 დაწესებულების დახურვა-არდახურვაზე”, – აღნიშნა მინისტრმა.