ზურაბ ჯაფარიძე: პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას ტყუილის დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აფასებს. დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ, “საპირველაპრილო ტყუილები” უწოდა.
“პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას ტყუილის დღე მიულოცა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, დღეს სიმართლე მხოლოდ ის ითქვა, რომ ლარის გაუფასურებამ იოლი გახადა ბიუჯეტის შევსება, მაგრამ ”ბევრად გაართულა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება“.
“ამ რეალობაში ერთ მხარეს დგანან: ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ხადური, იმოწმებენ ერთმანეთს და ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და მეორე მხარეს დგანან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ იმ მძიმე რეალობას, რომელიც დღეს შეიქმნა,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 106 მლნ ლარით გადაჭარბდა და 2 305 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,8%-ია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბდა 81 მლნ ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,4%-ია; საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 48 მლნ ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 102,7%-ია; ხარჯვით ნაწილში 97%-იანი შესრულება ფიქსირდება, ხოლო ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეულმა 174 მლნ შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 108,6%-ია.