ირაკლი ღარიბაშვილი: ზურაბ აბაშიძემ ძალიან ეფექტური საქმიანობა გასწია და მას მადლობა უნდა ვუთხრათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი საქმიანობა გასწია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის აზრით, აბაშიძე მადლობას იმსახურებს.
“დაისვა შეკითხვა ჩემს სპეციალურ წარმომადგენელთან დაკავშირებით რუსეთის საკითხებში. ეს თანამდებობა მანამდე არ არსებობდა, აბსოლუტურად რადიკალური ურთიერთობა იყო რუსეთთან. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაინიშნა ზურაბ აბაშიძე, რომელმაც ძალიან ეფექტური, ნაყოფიერი საქმიანობა გასწია და ჩვენ მას მადლობა უნდა ვუთხრათ. ამ კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვარხერხეთ ის, რომ გაიხსნა რუსეთის ბაზარი. რაც მთავარია, ჩვენ მოვახდინეთ ურთიერთობის დეესკალაცია, ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ასე რომ, თუ ვინმეს ჯერ კიდევ აქვს კითხვები, თუ რა საქმიანობს ზურაბ აბაშიძე, მე 2-3 ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთე – ეს არის სავაჭრო ურთიერთობები და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელზე ზურაბ აბაშიძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს მისი ქმედებების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები