ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში მთავრობის მეთაურმა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს დოკუმენტი შევიმუშავეთ გასულ წელს, პროცესში ჩართული იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას. ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულება და საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტების დასამკვიდრებლად“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები და ორასამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
„სამოქალაქო სექტორი ითხოვს პასუხებს სამთავრობო უწყებებისგან და ხშირად იმართება ცხარე დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რაც არის ძალიან კარგი. მესმის, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება იმ ხარისხის პასუხის გაცემა, რასაც არასამთავრობოები ითხოვენ, მაგრამ პასუხები არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს გაძლიერებასა და სამოქმედო გეგმით გაწერილი საქმიანობების შესრულების მონიტორინგს.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შუალედური ანგარიში, რომელიც საბჭოზე დამტკიცების შემდეგ წარედგინება პარლამენტს.