გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილს 21 მარტის მიმართვა დაუწუნა – ეს არ არის ევროპული
საქართველოს პრეზიდენტი მის წინამორბედს ევროპული პოლიტიკის სტანდარტებს უწუნებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა ტესტი ჩააბარა.
პრეზიდენტმა განმარტა, თუ რა ტესტი ჩააბარა 21 მარტს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ერთადერთი რაც მას, აქციაზე არ მოეწონა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების გადადგომის თაობაზე.
„21 მარტს კარგი ტესტი გაიარა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს იგი უკრაინაში მოღვაწეობს და ის არის უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. როდესაც უკრაინული პოლიტიკური წრის წარმომადგენელი, გვარს და სახელს თუ მოვაშორებთ, ღია მოწოდებით გამოდის საქართველოში ხელისუფლების შეცვლისკენ, ეს არ არის ევროპული ტრადიცია. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გალანძღოს ხელისუფლება, ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება მოითხოვოს დაუყოვნებლივ ხელისუფლების გადაგომა, შეიძლება პროტესტი იყოს ნებისმიერი მასშტაბის, მაგრამ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპაში ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთის, მეგობარი ხელისუფლების გადადგომას არ მოითხოვენ. ეს არ არის ევროპული ტრადიცია. მიხეილ სააკაშვილი ემსახურება უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკას, მე უკრაინას ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, ურთულესი მდგომარეობაა დღეს უკრაინაში, მაგრამ არსებობს ევრპული სტანდარტები, სწორედ ამ ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე, მე თუ ვარ სხვა ქვეყნის ხელისუფლების წევრი, მე არ მოვითხოვ მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების გადგომას, რაც არ უნდა მომწონდეს. საქართველოს მოქალაქეებს ყველას გვერდში ვუდგევარ. ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებაზე, მაგრამ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, არ მოვუწონებ ასეთ განცხადებას, ეს იყო ერთადერთი მომენტი, რაც იმ დღეს არ მომეწონა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „არჩევანში“.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე საქართველოს ექსპრტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელიდან ჩაერთო, სადაც მან საქართველოს ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა.