ბრიუსელში საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით ქ.ბრიუსელში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან ფრანს ტიმერმანსთან.
შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და დელეგაციის სხვა წევრები.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2015 წლის რიგის სამიტის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მოლოდინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და ტიმერმანსს სთხოვა ევროკომისიის ანგარიშის დაჩქარებული პროცედურით მიღების საკითხში მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. მ.წ. დეკემბრიდან საქართველოში განხორციელდა შემფასებელი მისიების ვიზიტები, რომლის საფუძველზეც მომზადდება ევროკომისიის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტზე შეასაბამისი რეფორების წარმატების სრულყოფილი აღიარება და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.