„აშკარაა უკვე იმის სიმპტომები, რომ ტერორისტული აქტების ტალღა დაიწყო“

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეგობარი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი საქართველოში ტერორისტული აქტების ტალღის შესაძლო დაწყებაზე საუბრობს.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ხარძიანის მკვლელობა ბიზნესგარჩევამდე არ უნდა იქნეს დაყვანილი და მისი მკვლელობის მიზეზის ძიება მხოლოდ ამ კუთხით არ უნდა მოხდეს. ბათიაშვილი ეჭვობს, რომ ხარძიანის და ვაზაგაშვილის მკვლელობები შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის დაწყებისა და პანიკის დათესვის მიზნით განხორციელდეს. უშიშროების ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას ტერორისტული აქტების წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბათიაშვილი არ გამორიცხავს რომ ამ გახმაურებულ მკველელობებს შემდგომი მსხვერპლი მოყვეს. „ცოტა ხნის წინ ბესო ხარძიანამდე იური ვაზაგაშვილი მოკლეს. აშკარაა უკვე იმის სიმპტომები, რომ ტერორისტული აქტების რაღაც ტალღა დაიწყო. მე მაქვს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ თუ ხელისუფლება კვლავაც ასეთი ინერტული იქნება, არანაირ პრევენციულ ზომებს არ მიიღებს და მხოლოდ ღრმა მწუხარების გამოცხადების დონეზე დარჩება, ეს პროცესი გაგარძელდება და შემდეგი მსხვერპლიც იქნება. ეს პროცესი საქართველოში დესტაბილიზაციას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში პანიკა დათესონ. იმ ძალის ექსპერიმენტმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, აშკარად გაამართლა და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ აშკარად დისკრედიტაციული ტალღა წამოვიდა. არ გამოვრიცხავ, მომავალში ასევე სხვა სახის ტერორისტულ აქტებსაც ჰქონდეს ადგილი, მოხდეს ობიექტების აფეთქება და ამას მასობრივი მსხპერპლი მოყვეს“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები