სოფლის მეურნეობის მინისტრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა. შეხვედრა საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“ გაიმართა და მასში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და სამინისტროში შემავალი უწყებების ხემძღვანელებმა მიიღეს.
ოთარ დანელიამ მოწვეულ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობითა და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით სოფლის მეურნეობის დარგში პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, სადაც დონორი ორგანიზაციების მხრიდან გაწეულ დახმარებასა და მათ ჩართულობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მცირე დროში მიღებული წარმატებული შედეგი.
„ჩვენ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ, პროაქტიულ ფაზაზე გადავდივართ. დღევანდელ შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2014 წლის ანგარიში გავაცანით, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა ის მიღწევა, ყველა ის მიმართულება, რომელშიც მათი უშუალო კონტრიბუციის წილი ძალიან დიდია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გეგმებზეც, რომელთა განხორციელებაც 2015 – 2020 წლებშია დაგეგმილი და წარმოვადგინეთ, სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, რა მიმართულებებით დაგვჭირდება მათი დახმარება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ აღნიშნა, 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა – გაიზარდა დარგის დაფინანსება, რამაც, თავის მხრივ, პოზიტიური შედეგები მოიტანა, მათ შორის, გაიზარდა წარმოებული პროდუქციის მოცულობა და ექსპორტი. დონორი ორგანიზაციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგია, რომლის განხორციელებაშიც მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.
„ჩვენ მივესალმებით მსგავს ინიციატვიებს, როდესაც სამინისტროს აქვს ხედვა თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს კოორდინაცია დონორებთან, რათა დონორების მიერ გამოყოფილი თანხები დარგის ეფექტიან განვითარებას მოხმარდეს“, – განაცხადა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ.