„იური ვაზაგაშვილი რომ მოკლეს, მაშინ ვთქვი, რომ 3-4 თვეში კიდევ რაღაც მოხდებოდა“

მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ბესო ხარძიანისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობებს შორის პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ეს მკვლელობები საქართველოში სიტუაციის არევას ემსახურება.
„იური ვაზაგაშვილი რომ მოკლეს, მაშინ ვთქვი, რომ 3-4 თვეში კიდე რაღაც მოხდებოდა, ახლაც გეუბნებით, კიდევ მოხდება და იქნება ეს მკვლელობები, სანამ საქართველოში სიტუაცია არ აირევა, და ეს ვისი ხელწერაა, თქვენ ძალიან კარგად იცით. მე მინდა ამ მთავრობას ვუთხრა, რომ გამოიღვიძონ. ხალხი არის დასაცავი და დაიცვან,” – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები