“თრიალეთს” საკმარისი დრო ჰქონდა, დასაბუთებული ფაქტებით დაემტკიცებინა, რომ თითქოსდა ბიზნესებს ვფლობ“
შიდა ქართლის გუბერნატორი ტელეკომპანია “თრიალეთს” და მის მფლობელს, ბადრი ნანეტაშვილს პრემიერ-მინისტრთან დადებულ პირობას ახსენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ტელეკომპანია “თრიალეთმა” მისი ბიზნესების თაობაზე დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები ვერ წარმოადგინა და “ორგვერდიანი ზღაპრის წერას 5 დღე მოანდომა”. ზურაბ რუსიშვილი დარწმუნებულია, რომ “თრიალეთის” განცხადების ტექსტის ავტორი თავად ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია და არა ჟურნალისტები.
“მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ წარმოედგინა რეალური, დოკუმენტურად დასაბუთებული ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რომ მე თითქოსდა, ბიზნესებს ვფლობ. თუმცა როგორც ეს ტელეკომპანია “თრიალეთის” განცხადებიდანაც კარგად ჩანს, მან ეს ვერ შესძლო. ფაქტობრივად 5 დღე მოანდომა ორ გვერდიანი ზღაპრის წერას. ტელეკომპანიის ამ უსუსურ განცხადებას მე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამ და რადგანაც ძალიან გაუჭირდათ ჩემზე კომპრომატების მოძებნა, მე თავად “დავეხმარები” მათ. “თრიალეთის” განცხადების პათოსიდან გამომდინარე, მასში მოყვანილი ბიზნესების ნუსხას დავუმატებ კიდევ რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ბანკების სახით, რომლებშიც ჩემი რამდენიმე უახლოესი მეგობარი მუშაობს და მაშინ, ტელეკომპანიის მესვეურთა ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ რამდენიმე ბანკის მფლობელიც მე ვყოფილვარ. ტელეკომპანიის განცხადებები ერთადერთ მიზანს ისახავს – ჩემი, როგორც შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დისკრედიტაციას. ამდენად, რადგანაც ტელეკომპანია “თრიალეთმა” ვერ დაამტკიცა ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, დადგა დრო, რომ ტელეკომპანიამ და პირადად მისმა მფლობელმა ბადრი ნანეტაშვილმა საჯაროდ მოიხადონ, პრემიერ–მინისტრთან დაპირებული ბოდიში”, – ნათქვამია შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებაში.