თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიების შედეგები მალე დაიდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ხარძიანის ოჯახის წევრები 2012 წელს მასთან ერთად იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. “იმედი მაქვს, რომ შედეგები ძალიან მალე დაიდება.
რაც შეეხება თავად ბატონი ხარძიანის ამ საზარელ პირობებში მკვლელობას, მე პირადად დიდ გულისტკივილს გამოვხატავ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლის არაერთი წევრიც ჩემთან ერთად, ნაძალადევში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული”, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.