ქარტიის საბჭომ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო. ქარტიას ფრაქცია ფიზიკურმა პირმა ხათუნა ჩარკვიანმა მიმართა, რომელიც, ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პრესმდივანია. განმცხადებლის აზრით, წამყვანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადებებით ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, ინფორმაცია განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას მიერ, 20 მარტის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოუწოდა ტელეჟურნალისტის განცხადებით დაინტერესებულიყვნენ. “21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა “რეაქციაში” ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა “რეაქციის” ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა.
უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” გამოცხადებულ ბოიკოტთან. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.