გიორგი მღებრიშვილმა N17 დაწესებულების განახლებული სამედიცინო პუნქტი გახსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა N17 დაწესებულების განახლებული სამედიცინო პუნქტი გახსნა. დღეიდან აღნიშნულ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პუნქტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. დაწესებულების სამედიცინო პუნქტის აფთიაქში 500 დასახელების მედიკამენტია. კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც ფუნქციურ საწოლებს, კარდიომონიტორებს, ჟანგბადის კონცენტრატორს, ფიზიო და ელექტროფორეზის აპარატებს აერთიანებს, მსჯავრდებულებისთვის დროულ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და შეამცირებს რეფერალის აუცილებლობას. როგორც მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „ყველა ეს ნაბიჯი და საერთოდ, სამინისტროს მუშაობა მიმართულია პატიმრების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, რადგან, პრიორიტეტული, სწორედ, ჯანმრთელი და რეაბილიტირებული პატიმარია“.
დღესვე N17 დაწესებულებაში პატიმართა პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ და ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“ მხარდაჭერით უსასყიდლოდ განხორციელდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამედიცინო-პრევენციული კვლევების ჩატარებას სისტემატურად სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გეგმავს. დაწესებულებაში ვიზიტისას მინისტრი პატიმრებს შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გიორგი მღებრიშვილს მის მიერ დაწერილი მაცხოვრის ხატი გადასცა.