ბიძინა ივანიშვილი: 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი მინისტრი დაიქირავო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “საზოგადოება 2030”-ის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “კვირის 2030″-ში განაცხადა. მისი თქმით, კარგად ესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ამას თავი დააღწიოს, პროფესიონალებს უნდა გადაუხადონ.
„5 ათას ლარზე დაიყვანეს მინისტრების ხელფასები, პრემიების რაოდენობა მახსოვს ჩემს დროსაც. 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მაქვს მინისტრი. ჩვენ გვინდა დარგები განვთარდეს, შედეგები მივიღოთ და აუცილებლად ვსაჭიროებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამ დროს გადახდაზეც უნდა შევთანხმდეთ, ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს. ფეისბუქში წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, პენსია როდესაც ამდენია. მე კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და ეფექტურობაც ამაღლდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.