ბიძინა ივანიშვილი 15 აპრილს ეკონომიკური კონფერენციის გამართვას გეგმავს
ბიძინა ივანიშვილი და „საზოგადოება 20/30“ 15 აპრილს ეკონომიკური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა, კონფერენციაზე სპეციალისტებთან, მათ შორის ოპოზიციაში მყოფ პირებთან ერთად, გაანალიზებენ, თუ რამდენად კარგად ასრულებს ხელისუფლება თავის ფუნქციებს. „ცუდი არ იქნება, რომ ეკონომიკური კონფერენცია ჩავატაროთ ჩვენივე ეგიდით. მოვიწვიოთ სპეციალისტები, თუნდაც ოპოზიციის მხრიდან, ვისაც ხელეწიფება, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ იცის ეკონომიკა და როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, როგორ ასრულებს ხელისუფლება ამ მიმართულებით თავის მოვალეობებს“, – აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ამგვარი განხილვა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და თვეში ერთხელ გაიმართება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ განხილვაში მონაწილეობას პოლიტიკოსები არ მიიღებენ, რადგან „იქ დემაგოგებს ვერ აიტანენ“. ყოფილმა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი გაანალიზებით ეკონომიკის განვითარებას ხელ შეუწყობს და შესაძლოა, რაიმე მიგნებაც გამოიკვეთოს.