საქართველოს მთავრობა ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნულით მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
“საქართველოს მთავრობის სახელით, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარი გამოვუცხადოთ მის ოჯახს, ახლობლებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა.
ამ დღეებში მომხდარზე ბევრი კომენტარი კეთდება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისიტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.
კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს”, – აღნიშნულია განცხადებაში.