პრემიერის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის თამარ ტრაპაიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უკვე პირადად ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ინფორმაცია მიაწოდა თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება.
წინასწარი ინფორმაციით, 31 წლის თამარ ტრაპაიძე იტალიაში მომვლელად მუშაობდა. 26 მარტს ის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში თამარ ტრაპაიძე მეორე ქართველია, რომელიც იტალიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მანამდე იტალიის ქალაქ ბარიში ავტოავარიის შედეგად 44 წლის ნონა ზარიძე დაიღუპა, რომელიც საქართველოში 25 მარტს გადმოასვენეს.