ირაკლი კორძაია: გამიხარდება თუ უდესიანი მიჩივლებს
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მეგობრი ირაკლი კორძაია მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწოდოს, თუკი გია უდესიანი სასამართლოში უჩივლებს.
“თუ ვინმემ სასამართლოში უნდა მიჩივლოს, უნდა მიჩივლოს გია უდესიანმა. ძალიან გამიხარდება თუ ამას იზამს. ეს განცხადება მე ჩემი პირადი ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მაქვს. გუშინ ყველაფერი ვთქვი და დანარჩენი თუ საჭირო იქნება, თუ პროკურატურა მთხოვს, ვიტყვი”, – განაცხადა კორძაიამ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მეგობრები და ახლობლები ხარძიანის მკვლელობას გია უდესიანს უკავშირებენ.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს. ხარძიანს უცნობმა პირმა საკუთარი სახლის სადარბაზოში რამდენჯერმე ესროლა. მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.