ემზარ კვიციანის ინფორმაციით გამოძიებას ეჭვმიტანილი არ ჰყავს
ემზარ კვიციანი, რომელიც გუშინ უცნობი პირის მიერ მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის საქმეზე პროკურატურაში დაიკითხა, აცხადებს, რომ დაკითხვა მისი და ხარძიანის შეხვედრის დეტალები აინტერესებდა, რომელიც მკვლელობამდე 1 საათით ადრე სასტუმრო “საქართველოში” შედგა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი, კვიციანი პასუხობს, რომ არ ჰყავს.
“შეკითხვები იყო ჩვენი შეხვედრის შესახებ, სხვა ვინ ესწრებოდა შეხვედრას, რაზე იყო საუბარი და რაიმე საეჭვო ხომ არ მინახავს ან შემიმჩნევია, ეს იყო სულ. თუ რაზე ვისაუბრეთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არაა საჭირო ვისაუბრო. ჩვენ, მეგობრები შევხვდით ერთმანეთს და რაზე გვქონდა საუბარი დაწვრილებით ვუთხარი გამომძიებელს. დანარჩენებსაც, ალბათ, დაიბარებენ და ყველაფერს გამოკითხავენ. ეჭვმიტანილი პირი გამოძიებას არ ჰყავს”, – განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ემზარ კვიციანმა.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა.
როგორც კვიციანმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ, გამომძიებლებს კითხვები იმასთან დაკავშირებით ექნებოდათ, თუ რაზე ჰქონდა საუბარი მას ბიზნესმენ ბესო ხარძიანთან, რომელსაც გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე შეხვდა. კვიციანის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ემზარ კვიციანი ხარძიანის უახლოესი მეგობარი იყო.
როგორც ემზარ კვიციანმა რესპუბლიკურ სავადმყოფოსთან განაცხადა, ხარძიანის მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა და საუბრის თემა სამომავლო გეგმები იყო. მისი თქმით, ისინი აპირებდნენ ერთად გაეძლიერებინათ საზოგადოებრივი საქმიანობა, კერძოდ, ერთად ყოფილიყვნენ “პატრიოტთა ალიანსში”.