ემზარ კვიციანი ბესო ხარძიანს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა

მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ემზარ კვიციანს სასტუმრო „საქართველოში“ შეხვდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განუცხადა. კვიციანის ინფორმაციით, მას ხარძიანმა თავად სთხოვა შეხვედრა. ყოფილი გუბერნატორი დეტალებსაც აზუსტებს და ამბობს, რომ ბესო ხარძიანმა მას დაახლოებით12:00 საათისთვის დაურეკა და 12:40 წუთზე სასტუმრო „საქართველოში“ შეხვდა.
მისივე თქმით, საუბრის შემდეგ, ხარძიანი მეგობრებთან ერთად სასტუმროშივე დარჩა. როგორც კვიციანი აცხადებს, საუბრის თემა მათი სამომავლო გეგმები იყო, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსს“ უკავშირდებოდა.
„ჩვენ საზოგადოებრივი მოღვაწეობა უნდა გაგვეძლიერებინა. ერთად გადავწყვიტეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსში“ უნდა ვყოფილიყავით. მე უკვე წავედი და ჩათვალეს, რომ ისიც ჩემთან ერთად იყო“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ხარძიანი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა.
„თვითონ ბიზნესმენი იყო და ბისნესმენობას აპირებდა. კომპანიის შექმნის სურვილი ჰქონდა. კარგი გეგმები გვქონდა“,- აღნიშნა კვიციანმა და დასძინა, რომ ბესო ხარძიანი „პატრიოტთა ალიანსთან“ ახლოს იყო და ეს ხალხი მოსწონდა.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს დაუდგენელმა პირმა დღეს საცხოვრებელ სახლთან ესროლა. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები