“იმაზე მეტად, თუ რა კეთდება ქვეყანაში, ჟურნალისტებს აინტერესებდათ, როგორ საწოლზე და ლეიბზე წევს პრემიერი“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა. ქანთარიას თქმით, წინა პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილ ფორმატს დღეს წარმატებით აგრძელებს ღარიბაშვილი და მედიისთვის ღია რჩება. მან პარალელი მედიასთან წინა ხელისუფლების ურთიერთობაზეც გაავლო.
„ხელისუფლება ჩაკეტილი იყო მედიისთვის. მხოლოდ ნებიერა ჟურნალისტებს ჰქონდათ იმის საშუალება, ჩაწყობილი კითხვები დაესვათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. პრემიერმა გუშინ ამომწურავი პასუხები გასცა ჟურნალისტებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მედიის მიმართ პრემიერის იმ გამონათქვამზეც ისაუბრა, სადაც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბრმა იარაღი უწოდა. დეპუტატმა ჟურნალისტების მიმართ პრემიერის შეფასება ნაწილობრივ გაიზიარა და ჟურნალისტები არსებითი საკითხების მიმართ უინტერესო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, იმაზე მეტად, თუ რა კეთდება ქვეყანაში, ჟურნალისტები იმით უფრო დაინტერესდნენ, თუ როგორ საწოლზე წევს პრემიერი. „მთლიანად მედიაზე არ შეიძლება ითქვას, რომ ბრმა იარაღია მფლობელის ხელში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში პრემიერის ეს შეფასება მართალია. პრემიერმა საკმაოდ ვრცელი შესავალი გააკეთა და ფაქტობრივად ანგარიშით წარდგა მედიისა და საზოგადოების წინაშე, თუმცა ჟურნალისტებს არ აინტერესებდათ გზების, ხიდების, სკოლების მშენებლობა. მან შესავალში ასევე ისაუბრა მსხვილი ინვესტორების შემოსვლაზე, ახალი კლინიკისა და უნივერსიტეტის გახსნაზე, C ჰეპატიტის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაზე, ყველა სფერო მიმოიხილა და აღნიშნა, რომელში რა კეთდება. მაგრამ ჟურნალისტები მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდნენ, როცა პიროვნულ თემებზე დაიწყეს საუბარი. იმაზე მეტად, თუ რა კეთდება ქვეყანაში, ჟურნალისტებს ის უფრო აინტერესებდათ, პრემიერმა ბატუტზე დაიწყო თუ არა ხტომა და როგორ საწოლზე და ლეიბზე წევს ის“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.