“ხომ არ შეიძლება, იმის გამო, რომ არ გვცემენ, სულ მადლობებს ვიხდიდეთ”
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრემიერ- მინისტრის პრესკონფერენცია შეაფასა.
ახვლედიანისთვის კითხვებისა და ეჭვის გამჩენი აღმოჩნდა პრემიერის განცხადება საქართველოში მილიარდ 300 -მილიონიანი ინვესტიციის შესახებ.
ახვლედიანის თქმით, თუკი ეს ასე იქნებოდა, მაშინ ეროვნული ვალუტა უნდა გამყარებულიყო და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ბევრად უნდა გაზრდილიყო.
„ის განცხადება, რომ 2014 წელს ქვეყანაში მილიარდ 300 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენი ტიპის ეკნომიკის ქვეყნებისთვის ეს კარგი ციფრია და ასეთ დროს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი 9%- მდე მაინც უნდა გაზრდილიყო, ჩვენი ლარი კი ასეთ შემთხვევაში არათუ არ გაუფასურდებოდა, არამედ დოლართად 1,4 იქნებოდა“,- აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე განცხადებით, გაურკვეველია, რას ნიშნავს პრემიერის განცხადება, რომ საქართველოს ინვესტორების მხარდაჭერა აქვს, მაშინ, როდესაც არსად ჩანს ინვესტიციები. გიორგი ახლედიანმა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის კუთხით გაცემული დაპირებებიც შეახსენა და მათ შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი აცხადებდა, რომ რეგიონებისთვის ყოველწლიურად ერთ მილიარდ დოლარს დახარჯავდა. როდესაც ვეკითხებოდით, თუ საიდან და როგორ, ისინი გვპასუხობდნენ, რომ ამას პირადი ფონდებიდან გააკეთებდნენ. ერთადერთი აქცია, რაც სოფლის მეურნეობის კუთხით ჩაატარეს, ეს იყო ის, რომ სასოფლო – სამეურნეო ინვენტარი შეიძინეს. ეს, მართლაც, კარგია, მაგრამ არა ერთი მილიარდი, არამედ 180 მილიონის ღირებულების იყო“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინსვლაზეც ისაუბრა, თუმცა, მისი თქმით, არ შეიძლება ხელისუფლება მესამე წელსაც იმით ტრაბახობდეს, რომ მოსახლეობას ხელკეტებით არ სცემს.
„ადამიანის დაცვის კუთხით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე წინა წლებში. ყოველ შემთხვევაში, დღეს ხელისუფლება ხელკეტებით არ გვცემს, პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სამსახურიდან არ უშვებენ, ჩვენს მხარდამჭერებს შეხვედრის შემდეგ არ აკითხავენ და მათ დაშინებას არ ცდილობენ, მაგრამ ეს არათუ მაღალი დონის და კარგად განვითარებულ, არამედ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამ არის. ხომ არ შეიძლება, იმის გამო, რომ არ გვცემენ, სულ მადლობებს ვიხდიდეთ და ამით ვტრაბახობდეთ ხელისუფლების შეცვლიდან მესამე წელსაც“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.