იტალიაში საქართველოს საელჩო გოგონას გარდაცვალების მიზეზებს არკვევს
იტალიაში საქართველოს საელჩომ ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება დღეს დილით მიიღეს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობს და დაინტერსებულია, რომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების დეტალები გაარკვიოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალაქ საპუტინიანოში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტ. გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი საღებავით ინტოქსიკაციაა.
როგორც „კვირას“ იტალიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, თამარს, რომელიც საპუტინიანოში იტალიურ ოჯახში მუშაობდა, ოჯახის წევრებმა კედლები შეაღებინეს, მეორე დღეს კი ახალგაზრდა გოგონას პირღებინება დაეწყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ემიგრანტი ოჯახის წევრებმა ექიმთან არ წაიყვანეს. ქართველი ემიგრანტები ვარაუდობენ, რომ თამარი საღებავის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.