მანანა ნაჭყებია: IRI „ნაციონალების“ გამო საკუთარ ავტორიტეტს არ გაიფუჭებს
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ მანანა ნაჭყებიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრემიერ – მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.
ნაჭყებიამ ღარიბაშვილი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებზე გადაჭარბებული წარმოდგენის გამო გააკრიტიკა და პრემიერი საბჭოთა აგიტატორს შეადარა.
მისივე თქმით, არასერიოზული იყო ღარიბაშვილის შეფასება, როდესაც პოლიტიკური რეიტინგების კვლევას უსაქმურების საქმე უწოდა. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის თქმით, ასეთ შეფასებას პოლიტიკური რეიტინგების მიმართ არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ გააკეთებდა. ნაჭყებიამ პრემიერის პოზიცია მხოლოდ ინვესტიციების ზრდის კუთხით გაიზიარა.
როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განმარტა, მართალია პირდაპირი ინვესტიცია ქვეყანაში გაიზარდა, თუმცა ეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმარისი არ არის.
„საუბარი იმაზე, რომ IRI-ს კვლევები ჩასწორებულია, და რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებენ, არ არის სერიოზული შეფასება. ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც IRI -ია, „ნაციონალების“ გამო საკუთარ ავტორიტეტს არ გაიფუჭებს. ასეთ რამეს, რაც გუშინ პრემიერმა თქვა, არცერთი სერიოზული პოლიტიკოსი არ იტყოდა. მთელი პრესკონფერენცია იყო არასერიოზული ანალიზი იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. გუშინ ის იჯდა აგიტატორივით და გვარწმუნებდა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე. ეს საბჭოთა აგიტატორის აგიტაციას ჰგავდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ნიშანი, რომ ეკონომიკაში რაიმე წინსვლა არსებობს, ტურიზმმა იკლო. ის აღმშენებლობა, რაზეც პრემიერი საუბრობდა, არ ჩანს.
ხალხი სულ სხვა კითხვებზე ელოდა პასუხს. მაგალითად, იმაზე, თუ როდის გაუმჯობესდება პენსიონრების მდგომარეობა, როცა მათი პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ხალხი ელოდა დასაქმების შესახებ კითხვებზე პასუხებს. მან გუშინ ახალ საწარმოებზეც ისაუბრა. სინამდვილეში სულ რამდენიმე საწარმო გაიხსნა, სადაც 10, 15 და 20 ადამიანია დასაქმებული. ამ ფონზე საქართველო დიდი ხნის სიდუხჭირისთვის არის განწირული. ასეთი ათასობით საწარმო უნდა იყოს, რადგან დასაქმების ყველაზე მაღალი რიცხვი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
ნაჭყებიამ პრემიერს ერთგვარი რჩევაც მისცა და მას მოსახლეობასთან იმპროვიზირებული შეხვედრების გამართვა ურჩია. მისი თქმით, პრემიერი მოსახლეობას ან საერთოდ არ ხვდება, ხოლო მაშინ კი, როდესაც მათ ხვდება, შეხვედრაზე მისი მხარდამჭერები და სპეციალურად შერჩეული ხალხი მიჰყავთ.
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია ღარიბაშვილი უბრალო ხალხს ხვდებოდეს და მათ საჭიროებებს პირადად ისმენდეს, დადიოდეს რეგიონებში და თავად ამოწმებდეს, რომელი გეგმა როგორ და რა ვადებში სრულდება. მანვე ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. ნაჭყებიას თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტებს პრემიერმა „ბრმა იარაღი“ უწოდოს და მათ მიმართ ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.