დავით ბაქრაძემ ათენში საბერძნეთის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნდისთან, საბერძნეთის ქალაქ ათენში ორმხრივი შეხვედრები გამართა. აღნიშნულ შეხვედრას საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გეორგიოს ვარემენოსი და საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრი ოლგა იეროვალისიც ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები იყო განიხილული, კერძოდ, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტითვის მზადებასა და მოლოდინებზე.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზა – ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი, სამიტზე ქვეყანა შესრულებული ვალდებულებებით წარდგება, შესაბამისად, საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი ადეკვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება და რიგის სამიტამდე დასრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, საკანონმდებლო ორგანოების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური მესიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები