პრემიერი ჟურნალისტს: ვისურვებდი, რომ შიდა ქართლის გუბერნატორმა სასამართლოში გიჩივლოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ „თრიალეთის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ჟურნალისტის ინფორმაციით, ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.
“გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს? თქვენ ჟურნალისტი ხართ, მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის, რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის, რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ, არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება, ან უარყოს, ან დაადასტუროს ფაქტები. თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი არ დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.