ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო – ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ორი კვირის წინ ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. მისი განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნის რეგიონალური სავაჭრო და სატრანზიტო ცენტრად ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
“მოხდება საქართველოს საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე შეტანა, დამკვიდრება, პოპულარიზაცია. ასევე შეთანხმება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩინური ინვესტიციებისთვის. გასულ წელს ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. რკინიგზის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით. ასევე უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის პორტებიდან ტვირთის ტრანსპორტირება, როგორც ევროპის ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებში. ამით ჩვენი ქვეყანა თავის ისტორიულ მისიას დაიბრუნებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დაახლოებით 100-120 მილიონი დოლარის დამატებით ფულად ნაკადს შემოიტანს ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები