ირლანდიაში ქართველი ჯაზპიანისტის, ბექა გოჩიაშვილის ტურნე გაიმართება
25-27 მარტს ირლანდიაში ქართველი ჯაზპიანისტის, ბექა გოჩიაშვილის ტურნე გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუბლინში დაგეგმილი კონცერტი ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და უშუალო მხარდაჭერით იმართება. ბექა გოჩიაშვილის ირლანდიული ტურნეს შესახებ გავლენიანი ირლანდიური გამოცემა Irish Times-ი წერს. გამოცემის ყოველკვირეულ კულტურულ დანამატში ქართველი ჯაზ პიანისტის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია ქართველი შემსრულებლის განსაკუთრებული ნიჭი და მისი პროფესიული კარიერა. “2008 წელს კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანი აღფრთოვანდა ახალგაზრდა პიანისტით და აღნიშნა, რომ ბექა გოჩიაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზპიანისტია, რომელიც მას ოდესმე მოუსმენია. რაისმა იმდენად მოიწონა გოჩიაშვილის ტალანტი, რომ მას ამერიკაში ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში სწავლა დაუფინანსა“, – წერს ირლანდიური გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ქართველი ჯაზპიანისტის პირველი ვიზიტია ირლანდიაში, თუმცა არა ბოლო, რადგან ირლანდიელ მსმენელს ეძლევა უნიკალური საშუალება, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არტისტს მოუსმინოს.