“აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბანში თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა აშენდა
სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ კაპანახჩში თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა აშენდა.
პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ფრანგული კომპანია რიშელ ჯგუფის (RICHEL GROUP) ერთობლივი ინვესტირების შედეგად განხორციელდა. სასათბურე მეურნეობა დღეს ჟურნალისტებს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა დაათვალიერებინა.
4.4 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ამ დროისთვის დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობაში ქართველ აგრონომებთან ერთად ფრანგი და უკრაინელი მაღალი კლასის აგრო-ინჟინრები, ბიოლოგები და ტექნოლოგები მუშაობენ. უახლესი ტიპის თანამედროვე დანადგარები და სათესლე კულტურები საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან არის შემოტანილი.
“ამ ადგილას 6 თვის წინ იყო 35 ჰექტარი ხრიოკი მიწა, დღეს კი თავად ხედავთ იმას, რაც აშენებულია. მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ამ მეურნეობის მოცულობა გასამმაგდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. გარწმუნებთ, რომ აქ, ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას ვერანაირი იმპორტი ვერ გაუწევს კონკურენციას”. – აღნიშნა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.