გელა დუმბაძე კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამის შემფასებელს შეხვდა

24 მარტს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამის (TRQN III) შემფასებელს ჯენიფერ ლეიტსს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის წარმომადგენლები.
გელა დუმბაძემ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა პროგრამის დადებითი შედეგი, რაც გულისხმობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართვას.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც კონკრეტულად კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამასთან (TRQN III) მიმართებაში, ასევე ზოგადად – მიგრაციისა და განვითარების მიმართულებით.
პროგრამა TRQN III გულისხმობს ნიდერლანდებიდან ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნიდან მაღალკვალიფიციური თანამემამულეების საქართველოში დროებით დაბრუნებას და მათი გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში. პროექტი გრძელდება 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები