დავით სერგეენკო ორსული ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა
დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში ორსული ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე მკაცრი კონტროლი დააწესა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი უკვე ბათუმშია.
“რაც შეეხება ორსულის გარდაცვალების ფაქტს, ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრ კონტროლზე აიყვანა. ბათუმში უკვე ჩასულია სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი და საქმის შესწავლა დაწყებულია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მაიკო ვერძაძე სამშობიარო სახლში 20 მარტს მიიყვანეს. ნაყოფი დაღუპული აღმოჩნდა, პაციენტს კი ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იგი მძიმე მდგომარეობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ირწმუნებიან, ნაყოფის დაღუპვის მიზეზიც ექიმების შეცდომა გახდა. მათი თქმით, საკეისრო კვეთა დროულად არ ჩაატარეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.
მაიკო ვერძაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმებს დაუდებრობაში ადანაშაულებენ და მათი პასუხსიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.